ინფორმაცია :: საქართველოს მთავრობის დადგენილება №459 2014.21.07. "გზაზე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"
 

ვებგვერდი, 21/07/2014 

სარეგისტრაციო კოდი

 310150000.10.003.018079 

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება

№459   2014 წლის 21 ივლისი     ქ. თბილისი

 

გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

 

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესი და პირობები“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესი და პირობები

 

მუხლი 1

1. ეს წესი ადგენს საქართველოს საავტომობილო გზებზე (გარდა საუწყებო გზებისა) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმა-ტიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის შეთანხმების (რეკომენდაცია) პირობებს.

2. ეს წესი განსაზღვრავს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - საპატრულო პოლიცია) უფლებამოსილებას და ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ შესაბამისი შეთანხმების (რეკომენდაციის) გაცემის წესს.

3. ამ წესით რეგლამენტირებულია ტვირთების გადაზიდვა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა გაბარიტები და წონითი მახასიათებლები (ტვირთით ან უტვირთოდ) აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

4. სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ მისი პარამეტრები აღემატება შემდეგი მაჩვენებლებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა) სიმაღლე (სავალი ნაწილის ზედაპირიდან) − ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 4 მეტრს;

ბ) სიგანე − რეფრიჟერატორის შემთხვევაში − 2,60 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 2,55 მეტრს;

გ) სიგრძე − ავტომატარებლის შემთხვევაში − 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 12 მეტრს, ან თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი.

5. ზენორმატიულად (მძიმეწონიანად) ითვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას.

6. საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების შესაძლო ნაწილობრივი რეკონსტრუქციის ღონისძიებების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები) ეკისრება გადამზიდველს.

7. ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისათვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 2

1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში - საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შესაბამისი შეთანხმების (რეკომენდაციის) მიღების შემდეგ.

2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით (რეკომენდაციით).

3. თანხმობა/რეკომენდაცია, როგორც წესი, გაიცემა ერთ გადაზიდვაზე. ერთი ტიპის ტვირთების დადგენილი მარშრუტით გადაზიდვისას, შეიძლება თანხმობა/რეკომენდაცია გაიცეს ტვირთების განსაზღვრულ პარტიაზე ან განსაზღვრული დროით (კონკრეტული ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის, გადაზიდვის მოცულობის გათვალისწინებით და ა.შ.).

4. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება საპატრულო პოლიციასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებული მარშრუტით.

5. დამატებითი შეთანხმება სს „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამის სამსახურთან წარმოებს: გადაზიდვის მარშრუტის რკინიგზის ერთ დონეზე გადაკვეთისას, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტები ტვირთით ან უტვირთოდ აღემატება: სიგანით - 5 მეტრს, სიმაღლით (სავა-ლი ნაწილიდან) - 4,5 მეტრს, ავტომატარებლის სიგრძით (ერთი მისაბმელით ან ნახევრადმისაბმელით) - 20 მ-ს, ორი ან მეტი მისაბმელით – 24 მ-ს; აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუა-ლების საერთო ფაქტობრივი წონა აღემატება 52 ტონას ან მოძრაობის სიჩქარე ნაკლებია 8 კმ/სთ-ზე.

6. ქვეყნის ორი ან მეტი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას, თანხმობა (რეკომენდაცია) გაიცემა საპატრულო პოლიციის მიერ, მათ შორის, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის მეშვეობით, ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო ერთი რეგიონის საზღვრებში მარშრუტის გავლისას, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ, ერთი ქალაქის საზღვრებში მარშრუტის გავლისას – საპატრულო პოლიციის შესაბამისი სამსახურის მიერ.

7. საპატრულო პოლიციაში თანხმობის (რეკომენდაციის) გასაცემად გადაზიდვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი განაცხადი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის, მძღოლისა და გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის სახელისა და გვარის, დატვირთულ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძების რაოდენობის, ღერძზე დატვირთვის განაწილების, საერთო ფაქტობრივი წონის და სხვა პარამეტრების (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე) ჩვენებით, ასევე, სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანით გაცილების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამის უწყებასთან (რომელიც განახორციელებს გაცილებას) გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის (რეკომენდაციის) მისაღებად დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადებით შეუძლია მიმართოს როგორც საპატრულო პოლიციას, ასევე, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურს, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით. ნებართვის მისაღებად შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი ვალდებულია, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაუგზავნოს საპატრულო პოლიციის შესაბამის სამსახურებს, განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მის მიერ ჩამოყალიბებული მოკლე აღწერილობა ნებართვის გაცემის თაობაზე. ელექტრონული ფოსტის საშუალებით, აღნიშნული მოკლე აღწერილობისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში საპატრულო პოლიცია განიხილავს საკითხს და მისი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გასცემს შესაბამის ნებართვას, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით გადაეგზავნება შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელს. აღნიშნული თანამდებობის პირი ვალდებულია, ასეთი ნებართვის ელექტრონული ფორმით მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ ამობეჭდოს ელექტრონული ვერსია და საკუთარი ბეჭდით დაამოწმოს მისი სისწორე დედანთან, რომელსაც გადასცემს განმცხადებელს. ხოლო სხვა საშუალებებით ნებართვის დედნის მიღების შემთხვევაში, დაიტოვოს მისი ასლი და დედანი გადასცეს განმცხადებელს. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ საპატრულო პოლიციაში გადაგზავნილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, შესაბამისი რეგიონის საპატრულო პოლიციის სამსახურს დოკუმენტები უკან დაუბრუნდება შესაბამისი შენიშვნების მითითებით.

მუხლი 3

1. როგორც წესი, გადაზიდვა ნებადართულია ნაკლებად ინტენსიური მოძრაობის საათებში, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში, დღე-ღამის ნათელ პერიოდში. როგორც გამონაკლისი, დღე-ღამის ბნელ პერიოდში დაუსახლებელ პუნქტებში გამავალ გზებზე გადაზიდვა დასაშვებია იმ პირობით, როცა გასაცილებლად გამოყოფილია დამცავი ავტომობილი (სტანდარტული) ან საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანა.

2. არაგაბარიტული და ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაშვებ სიჩქარეს ადგენს საპატრულო პოლიციის შესაბამისი სამსახური თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს, რომელიც დამოკიდებულია გაბარიტებზე, წონაზე, გადასაზიდი ტვირთის განსაკუთრებულობაზე და საგზაო პირობებზე. მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 50 კმ/სთ-ს, ხოლო კოლონაში არაგაბარიტული და ზენორმატიული დატვირთული (ტვირთი) ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ერთეულს.

3. გაცილების აუცილებლობა და მისი სახე საპატრულო პოლიციის მიერ განისაზღვრება გადაზიდვაზე თანხმობის (რეკომენდაციის) გაცემის დროს.

4. გაცილება შეიძლება განხორციელდეს:

ა) დამცავი (სტანდარტული) ავტომობილით, აგრეთვე, საწევარათი ან მიმწოლით, რომელსაც გამოყოფს (გადასაზიდი ტვირთის სახეობის ან საგზაო პირობების მიხედვით) ტვირთის გადამტანი ან გამგზავნი ორგანიზაცია;

ბ) საამისოდ სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით.

შენიშვნა: საპატრულო პოლიციის მიერ განისაზღვრება გამცილებლის გამოყოფის აუცილებლობა ტვირთის გადამტანი ან გამგზავნი ორგანიზაციიდან.

5. დამცავი ავტომობილით გაცილება აუცილებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე ტვირთით მეტია 2.55 მეტრზე (რეფრეჟერატორის შემთხვევაში - 2,60 მეტრზე) და ნაკლებია 3 მეტრზე;

ბ) სიგრძე მეტია 20 მეტრზე (ავტომატარებლისათვის (მათ შორის, ორ და მეტ მისაბმელიანი) ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, შესახსრებული ავტობუსისათვის), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, - 12 მეტრზე და ნაკლებია 24 მეტრზე;

გ) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ზენორმატიული დატვირთვით.

შენიშვნა: დამცავი ავტომობილის მოძრაობის წესი და გადაზიდვის განხორციელებისას მოძრაობის სხვა მონაწილეთა ინფრომირების ხერხი განისაზღვრება საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული რეკომენდაციით სპეციალურ განაკვეთში „განსაკუთრებული პირობები“.

6. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება უნდა განხორციელდეს, თუ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმაღლე ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება 4,0 მეტრს, ხოლო ავტომზიდის და კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში, 4,3 მეტრს;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე აღემატება 3,0 მეტრს;

გ) ავტომატარებლის სიგრძე აღემატება 24 მეტრს;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობის დროს იძულებულია ნაწილობრივ მაინც დაიკავოს შემხვედრი მოძრაობის ზოლი;

ე) მოძრაობის პროცესში საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის წარმოიქმნება დამატებითი ღონისძიების გატარების აუცილებლობა გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა შემთხვევებში, საკითხი გაცილების აუცილებლობის შესახებ წყდება საპატრულო პოლიციის დირექტორის მიერ, საგზაო პირობების, ინტენსივობის და მოძრაობის შემადგენლობის გათვალისწინებით.

7. დამცავი ავტომობილი უნდა მოძრაობდეს გასაცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინ. ამასთან ერთად, დამცავი ავტომობილი მარცხენა მხარეს უნდა მოძრაობდეს ისე, რომ მისი გაბარიტი სიგანეში გამოშვერილი იყოს გასაცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტთან შედარებით.

8. სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანით გაცილება ხორციელდება იმავე წესით, როგორითაც ხორციელდება გაცილება დამცავი ა/მანქანით. გადაზიდვის განხორციელებისას, ავარიული სიტუაციების გამოსარიცხად, სპეციალური აღჭურვილობის (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის ა/მანქანამ დროულად უნდა უზრუნველყოს მოძრაობის გადაკეტვა ქუჩებისა და გზების გადაკვეთებზე.

9. გაცილების დროს, სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანას ჩართული უნდა ჰქონდეს მოციმციმე შუქურა, რაც მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს ინფორმაციის დამატებით საშუალებას და არ ანიჭებს მათ უპირატესობას გავლისას. სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ა/მანქანებს, დამცავ ავტომობილებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც დღისით ახორციელებენ გადაზიდვას, ჩართული უნდა ჰქონდეთ ახლო მაშუქი ფარები.

10. გადაზიდვის განსახორციელებლად, დამცავი ავტომობილების, საწევრების და მიმწოლების გარდა, დამატებით შეიძლება გამოიყოს სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ავტოამწეები, ავტო-კოშკები, საზეინკლო სახელოსნოები და ა.შ.), რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

 

მუხლი 4

გადაზიდვა უნდა განხორციელდეს დამტკიცებული მარშრუტის მკაცრი დაცვით. თუ გადაზიდვის დროს შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დამტკიცებული მარშრუტის შეცვლას, ტვირთის გადამზიდავმა ორგანიზაციამ მარშრუტის შესაცვლელად უნდა აიღოს ახალი შეთანხმება (რეკომენდაცია).

მუხლი 5

1. ხიდებზე, გზაგამტარებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გავლის პირობებს განსაზღვრავენ საპატრულო პოლიცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

2. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილებისათვის, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მდორე და შეუჩერებელი მოძრაობა სავალი ნაწილის ღერძულა ხაზზე (ან საგზაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის მითითებით წინასწარ დატანილი სპეციალური ხაზის გასწვრივ), არა უმეტეს 10 კმ/სთ სიჩქარით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გზაგამტარზე ან სანაოსნო ხიდის მალებზე უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მათ ქვეშ მოძრაობის არარსებობის შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებთან შეთან-ხმებით, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ გზაგამტარის ან ხიდის ქვეშ არსებულ გასასვლელს.

4. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლის მომენტში მასზე უნდა აიკრძალოს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა.

5. იძულებითი გაჩერების შემთხვევაში, საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება ხელოვნური ნაგებობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაყვანად.

 

 

 

 

  

 
:: ამინდი ::
 
:: ვალუტა ::
 

 

 

 

 


   Copyright © "Association of Freight Forwarders of Georgia"