ინფორმაცია

მთავარი | დოკუმენტაცია
ცვლილება ტრანზიტის დროს ფიტოსანიტარული სერთიფიკატის შესახებ

ვებგვერდი, 18/09/2013

სარეგისტრაციო კოდი

340170000.10.003.017407

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №240
2013 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის:

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ორიგინალი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ორიგინალი დოკუმენტის სკანირებული ვერსია ელექტრონულად);”;

ბ) მე-10 მუხლის:

ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) განმეორებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მფლობელი არ ეთანხმება ლაბორატორიული ანალიზის პირველად შედეგებს.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 − მე-10 პუნქტები:

„6. ნიმუშის განმეორებით აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული  (შედარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ნიმუშის ეგზემპლარები საქონლის მფლობელსა და საბაჟო დეპარტამენტს გადაეცემა − ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით, დალუქულ მდგომარეობაში.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით აღებულ ნიმუშზე საქონლის მფლობელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფარავს საქონლის მფლობელი.

8. იმ შემთხვევაში, თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება საქონლის მფლობელს.

9. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

10. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა და მის საფუძველზე მიიღება ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება.“;

გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა დამატებით დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას), დაკვირვება და გამოკვლევა ან შემდგომი ინსპექტირება, ანალიზი და დამუშავება. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სადგომზე;“.

2. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის:

ა) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი (ორიგინალი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ორიგინალი დოკუმენტის სკანირებული ვერსია ელექტრონულად);“;

ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჭიროების შემთხვევაში და მონიტორინგის გეგმის თანახმად, დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას (ნიმუშების აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესის შესაბამისად). ამასთან, იმ შემთხვევაში,როდესაც საქონლის მფლობელი არ ეთანხმება ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის პირველად შედეგებს, უფლება აქვს ნიმუშები აიღოს განმეორებით.“;

გ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121მუხლი:

„მუხლი 121. ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება

1. ნიმუშის განმეორებით აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული ნიმუშის ეგზემპლარები საქონლის მფლობელსა და საბაჟო დეპარტამენტს გადაეცემა − ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით, დალუქულ მდგომარეობაში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით აღებულ ნიმუშზე საქონლის მფლობელის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფარავს საქონლის მფლობელი.

3. იმ შემთხვევაში, თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება საქონლის მფლობელს.

4. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

5. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა და მის საფუძველზე მიიღება ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება.”;

დ) მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებით დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას) ან შემდგომი ინსპექტირება, ანალიზი და დამუშავება. ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სადგომზე. ცოცხალი ცხოველების შემთხვევაში საკარანტინო სადგომი განისაზღვრება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან მის უშუალო სიახლოვეს, ან ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ან დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საკარანტინო სადგომზე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი: ბიძინა ივანიშვილი