ინფორმაცია

მთავარი | დოკუმენტაცია
საქართველოს კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ – 8 ნოემბერი (ცარიელი კონტეინერები)

ვებგვერდი, 111122011, 22/11/2011
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016465

საქართველოს კანონი 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.“.

2. 241 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. უცხოურ საწარმოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, უფლება აქვს, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და მხოლოდ ამ მუხლით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით დამატებით დაარეგისტრიროს განცალკევებული მუდმივი დაწესებულება.“;

ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის:

დ.ა) შემოსავალი, რომელიც ამ კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;

დ.ბ) შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;

დ.გ) შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის სატარიფო ღირებულების 5 პროცენტს.“;

გ) მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი იმპორტისა;“.

3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. სპეციალური სავაჭრო ზონა

1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით.

2. ვაჭრობის ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის გაქირავება.

3. პირს, რომელიც ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას, სსზ-ის სტატუსი ენიჭება მომავალი კალენდარული წლიდან, ხოლო ახალი საწარმოს საგადასახადო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად.

4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სსზ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;

ბ) ამ კოდექსის 1331 მუხლის შესაბამისად გადაიხადოს სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საშემოსავლო/მოგების გადასახადი სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში;

გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებული სალარო პუნქტების მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. თუ სსზ-ის ორგანიზატორი დაასაბუთებს, რომ სსზ-ის ტერიტორიაზე საქონლის ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანდება შეუძლებელია, საქართველოს მთავრობას შეუძლია მას მისცეს სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სსზ-ის საწყობში დაბეგვრის უფლება.

6. სსზ-ში სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს საგადასახადო ანგარიშგება და საგადასახადო ვალდებულება.

7. სსზ-ის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სსზ-ის მოწყობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს პირს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა და განსაზღვროს მათი ოდენობა.“.

4. 29-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების მხოლოდ ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან/და სხვა ამგვარი ფორმით გაცემა არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი პირადად, წარმომადგენლის ან დაქირავებული პერსონალის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებს ქონების მიმღების საქმიანობის მომსახურებას და ზედამხედველობას.“.

5. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. თუ არ დგინდება ფიზიკური პირის რეზიდენტობა რომელიმე ქვეყნის მიმართ, ამ ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იგი ჩაითვლება საქართველოს რეზიდენტად, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა.“.

6. 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს ახსნა-განმარტებები ჩატარებული საგადასახადო შემოწმების, აგრეთვე გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის თაობაზე;“.

7. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;“.

8. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;“.

9. 63-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.“.

10. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალების შესასრულებლად აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე ამ პირის ინფორმირება, გარდა მისი ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევისა.“.

11. 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განუსაზღვროს პირს საგადასახადო ვალდებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), ქვემოთ მოყვანილი ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას:

ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;

ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია;

გ) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

დ) პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით;

ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.“.

12. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“−„ხ“ ქვეპუნქტები:

„წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;

ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით მიღებული სარგებელი;

ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი.“.

13. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება, გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;

ყ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი.“.

14. XVII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVII

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება

მუხლი 126. ცნებების მნიშვნელობა ამ თავის მიზნებისათვის

1. ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ:

ა) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში;

ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.

2. პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, თუ:

ა) იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საწარმოს 50 პროცენტზე მეტს;

ბ) იგი პრაქტიკულად ახორციელებს საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებების კონტროლს.

3. დამოუკიდებელი არიან პირები, რომლებიც არ არიან ურთიერთდამოკიდებული.

4. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.

5. დამოუკიდებელ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია დამოუკიდებელია.

6. მარჟა არის რენტაბელობის კოეფიციენტი, რომელიც გამოიანგარიშება ისეთი მაჩვენებლების თანაფარდობით, როგორიცაა, მაგალითად, შესყიდვების, გაყიდვების, დანახარჯებისა და აქტივების მაჩვენებლები.

7. ოპერაციის პირობა ნიშნავს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდით სარგებლობისას გამოყენებულ ფინანსურ ან სხვა შესაბამის მაჩვენებელს.

  მუხლი 127. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ზოგადი პრინციპები

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.

2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:

ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;

ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ასევე შეიძლება გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტთან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს პირები ურთიერთდამოკიდებული.

6. თუ საგადასახადო ორგანოს მიერ ამ თავის მიზნებისთვის საბაზრო პრინციპის შესაბამისად დადგენილ ფასსა და გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადებულ ფასს შორის სხვაობა არ აღემატება განცხადებული ფასის 10 პროცენტს, განცხადებული ფასი მიიჩნევა საბაზრო პრინციპის შესაბამისად დადგენილ ფასად.

  მუხლი 128. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები

1. დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შემდეგი მეთოდები:

ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს;

ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით შესყიდული საქონლის დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებული მარჟა უდარდება შედარებადი და დამოუკიდებელი ოპერაციებით შესყიდული საქონლის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებულ მარჟას;

გ) ფასნამატის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი, რომელიც დადებულია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ გაწეულ ხარჯზე, უდარდება ფასნამატს, რომელიც დადებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ გაწეულ ხარჯზე;

დ) ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ;

ე) ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მონაწილე თითოეულ საწარმოს მიეკუთვნება ამ ოპერაციიდან მიღებული მოგების/ზარალის ის წილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიიღებდა დამოუკიდებელი საწარმო შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში.

2. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.

მუხლი 129. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების სპეციალური დებულებანი

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გააკეთოს ახსნა-განმარტება, რის საფუძველზე თვლის თავის მიერ მიღებულ მოგებას ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაზრო პრინციპის შესაბამისად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საკმარისი ინფორმაცია და ანალიზი საკუთარი ახსნა-განმარტების გასამყარებლად და იმის შესამოწმებლად, რამდენად შეესაბამება მის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილს.

2. თუ საწარმოს, რომელიც იბეგრება საქართველოში, და მის ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის განხორციელებული ოპერაციის პირობებში სხვა ქვეყნის საგადასახადო ორგანომ შეიტანა შესწორება, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში დაიბეგრა მოგების ის ნაწილი, რომელიც უკვე დაბეგრილი იყო საქართველოში, და ამ ქვეყანასთან საქართველოს დადებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება, მაშინ საქართველოს საგადასახადო ორგანო საქართველოს გადამხდელი საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე გადაამოწმებს, შეესაბამება თუ არა შეტანილი შესწორება საბაზრო პრინციპს. თუ საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ზემოაღნიშნული შესწორება შეესაბამება საბაზრო პრინციპს, იგი შეიტანს შესაბამის შესწორებას და განახორციელებს საქართველოს გადამხდელი საწარმოს გადასახადის თანხის კორექტირებას.

3. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება, დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის განსაზღვრა, ოპერაციის კორექტირების განხორციელების წესი, ოპერაციის მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტთა ნუსხა, საბაზრო ფასების თაობაზე ინფორმაციის წყაროები, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, ამ თავის მიზნებისთვის გამოსაყენებელი ვადები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შემოწმება ხორციელდება ამ თავის დებულებათა შესაბამისად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

  მუხლი 1291. საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

1. გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია დადოს წინასწარი შეთანხმება აღნიშნულ გადამხდელთან ამ თავის მიზნებისათვის. წინასწარი შეთანხმება იდება ოპერაციების დაწყებამდე, გარკვეული ვადით და მის ფარგლებში წინასწარ განისაზღვრება კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც ოპერაციებისთვის დადგინდება ფასები. ასეთი კრიტერიუმებია, მაგალითად, მეთოდი, შედარებადი ოპერაციები და მათი შესაბამისი კორექტირებები, მომავალ ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დაშვებები და ა. შ.

2. წინასწარი შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც დაიდო იგი. ამასთანავე, წინასწარ შეთანხმებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც დაიდო იგი.

3. თუ პირი მოქმედებს წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წინასწარი შეთანხმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.

4. წინასწარი შეთანხმება არ გამოიყენება, თუ:

ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ შეთანხმებაზე, არ შეესაბამება არსებულ ფაქტებსა და გარემოებებს;

ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც დაიდო წინასწარი შეთანხმება.

5. საქართველოს კანონმდებლობის ნორმამ, რომელიც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და რომელსაც მიეცა უკუქცევითი ძალა, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ნორმის ამოქმედებამდე დადებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე.

6. პირის მიერ წინასწარი შეთანხმების დადების მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

7. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადებული ფასი საბაზრო პრინციპის შესაბამისია, მას არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან დაარღვია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პირობა.“.

15. 130-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.“.

16. 133-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1331 მუხლი:

  „მუხლი 1331. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის შემოსავლის დაბეგვრა

1. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით.

2. ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ სსზ-ის საწყობში შეტანილი საქონლის ღირებულება სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით.

3. პირის მიერ სსზ-ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა ამ მუხლის შესაბამისად, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდისა და დეკლარირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

18. 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით;“.

19. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირი (გარდა სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირისა, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში), რომელიც დაკავებულია სათამაშო ბიზნესით და ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „მ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სსზ-ის სტატუსის მქონე იურიდიული პირი − ამ კოდექსის 1331 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

20. 157-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. პირს (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელიც საქონლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ სსზ-ის ტერიტორიაზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.“.

21. 168-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:

გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;

გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;

გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;

გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება;“.

22. 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის ან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის მე-4 კვარტალის საანგარიშო პერიოდის მიხედვით ასახული არ არის დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ამავე ვადებში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით). აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;

ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის ან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით ასახული არ არის დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ამავე ვადებში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით). აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;“.

23. 175-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა იმ ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევისა.“.

24. 206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (მათ შორის, მიწის ნაკვეთები).“.

25. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2071 მუხლი:

  „მუხლი 2071. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ენა

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.

3. თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.“.

26. 218-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება (გარდა ამ კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში, დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ჯარიმის დაკისრების გარეშე:

ა) საქონლის გაშვებამდე, თუ შემოსავლების სამსახურს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ სასაქონლო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

ბ) საქონლის გაშვების შემდეგ, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.“.

27. 2261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2261. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

28. 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის თანხის ჩამოწერის შესახებ ამ პირს ეგზავნება ელექტრონული ფორმით.“.

29. 257-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქრონომეტრაჟი ტარდება დღე-ღამის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დააყენოს მრიცხველები და სხვა ტექნიკური საშუალებები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს განახორციელოს მათი მონაცემების რეგისტრაცია.“.

30. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2571 მუხლი:

  „მუხლი 2571. საგადასახადო მონიტორინგი

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირის/პირების 6 თვემდე ვადით მიმაგრებით განახორციელოს საგადასახადო მონიტორინგი და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ვადის გაგრძელება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

2. საგადასახადო მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შეძენის, გახარჯვის, დანაკარგების, აგრეთვე მზა პროდუქციის (სახეობების მიხედვით) მიწოდების დამოუკიდებელი რაოდენობრივი აღრიცხვა და ასეთი აღრიცხვის შესახებ მონაცემების მოპოვება ან/და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენა.

3. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

31. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებსა და ჟურნალებს, – საქმიანობის ამ ნაწილში;“.

32. 260-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით ჩაატაროს პირის ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დათვალიერებისას აკრძალულია გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციის შემოწმება.“.

33. 261-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის თაობაზე. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცალკეულ სახეობათა მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.“.

34. 269-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“.

35. 270-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“;

გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) გადასახადის გადამხდელს შეუმციროს საგადასახადო სანქცია და განუსაზღვროს ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

36. 271-ე მუხლის:

ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კოდექსის 289-ე მუხლის პირველი−მე-3, მე-10−მე-19, 25-ე და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას. საგადასახადო სანქციის დაკისრების შესახებ გამოცემული ბრძანება ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება ბათილია.“.

37. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 273. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა

პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა –

იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

38. 281-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი:

„81. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა, ან საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე ლუქის მოხსნა –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

39. 286-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების შემდეგ, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა –

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):

ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი;

ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.

6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;

ბ) საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;

დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

7. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება პირს, რომელსაც აქვს ამ კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი;

ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკის მიერ, ასევე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან:

ა) ამ კოდექსით განსაზღვრული ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა −

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მათზე გაწეული ხარჯის და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთანავე, სამართალდამრღვევს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება;

ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

10. ამ მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა არ აღემატება ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს;

ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, რომლის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.

11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.

13. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

14. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

40. 286-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 ნაწილი:

„15. სსზ-ის ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-4 ან/და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება სსზ-ის სტატუსის მქონე პირს.“.

41. 2881 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ამ კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის გადამეტება იმავე ქვეპუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე –

იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება −

იწვევს დაჯარიმებას ასეთი საქონლიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.“.

42. 289-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 289. საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები

1. პირის მიერ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ან/და გამოცხადების ვადის დარღვევა –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა.

2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა –

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე შეინიშნება მცირე დაზიანება, არ არის დარღვეული მისი მთლიანობა და შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა.

4. სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 000 ლარისა.

6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

8. არასატარიფო ღონისძიებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

10. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

12. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე 30 000 ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

13. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

14. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

15. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

17. სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც იმავე ქმედებისათვის დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.

19. ამ მუხლის მე-17 ან მე-18 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

20. სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი სატარიფო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ სატარიფო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას სატარიფო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, თუ არასწორი მონაცემის არსებობა დადგინდა საქონლის გაშვებამდე.

21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას სატარიფო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.

22. ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა –

იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

23. ამ მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

24. სასაქონლო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

25. პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

26. ამ მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

27. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციის სახით საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის გამოყენებისას სამართალდამრღვევს ეკრძალება იმ ქვეყანასთან საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა, რომლიდანაც იგი ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადმოტანას. აღნიშნული სანქციის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევს მიეცემა საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუ იგი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 5 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უთანაბრდება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის ვადას (ვადის დარჩენილ ნაწილს). საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ამავე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

43. 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 290. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა –

იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე პირობების დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.“.

44. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2901 მუხლი:

„მუხლი 2901. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −

იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე მოთხოვნების დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.“.

45. 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებზე და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“.

46. 299-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ამ კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.“.

47. 309-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება.“;

დ) 35-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე−42-ე ნაწილები:

„36. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1 ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში.

37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული ჯარიმა, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით გამოქვითვების თანხები აღემატება ერთობლივ შემოსავალს ან ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).

38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით.

39. ამ კოდექსის 281-ე მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ GPRS-ისა და crypto-ს მოდულის ფისკა­ლური საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას.

40. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.

41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

42. 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის 45-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გაფორმებულ/გასაფორმებელ საგადასახადო შეთანხმებებზე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის 47-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 36-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის 47-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-40 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის საჩივარი განიხილება ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში.

  მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, მე-16 და მე-17 ნაწილებისა, მე-19 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-20, მე-40 და 44-ე ნაწილებისა და 47-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი, მე-16 და მე-17 ნაწილები, მე-19 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-20, მე-40 და 44-ე ნაწილები და 47-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი:  მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5202–IIს